''აფეთქების დროს დაღუპულ ირაკლი გოგინავას გმირის სტატუსი მიენიჭოს'' - აქცია ბათუმში

23 იანვარი 2018, 00:00 6275 ნახვა

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების დროს დაღუპულ ირაკლი გოგინავასთვის გმირის წოდების მინიჭებას და მარჩენალ დაკარგული ოჯახისათვის დახმარებას ითხოვენ დღეს გამართულ აქციაზე. მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ და საკითხზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  

ურეხის დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გოგინავამ გაზგასამართ სადგურზე აფეთქებისას, 30 ტონიანი გაზის ავზი გადაკეტა, ამით კი დასახლება უფრო მასშტაბური აფეთქებისგან იხსნა.  

ადგილობრივების ინფორმაციით ტერიტორიაზე აირის სუნი მუდმივად იყო, რის გამოც ისინი სადგურის გაუქმებასაც ითხოვდნენ.

36 წლის ირაკლი გოგინავა, 2017 წლის 16 აგვისტოს, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების დროს დაშავდა. ის მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა. დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილები.

დაზარალებულებმა აჭარის მთავრობისგან კომპენსაცია მიიღეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში