ქობულეთში დიდი  ოდენობით  იარაღის  და  საბრძოლო  მასალის  ამოღების საქმე

24 იანვარი 2018, 00:00 2856 ნახვა

ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული თურქეთის მოქალაქე ქალის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. საუბარია კასრსა და საცხოვრებელ ბინაში საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ საქმის პროკურორი თავდაპირველად სხდომების დახურვას ითხოვდა, მოტივად კი საქმის ტერორიზმთან შესაძლო კავშირს ასახელებდა, თუმცა მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა. პროკურორის ამ სიტყვების გამო, ბრალდებული, არსებითი განხილვის ეტაპზე კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს, ამბობს, რომ ტერორიზმთან მისი კავშირი არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, მას არ ეკუთვნის იარაღი, შესაბამისად დაირღვა მისი უფლებები. წინა  პროცესზე ბრალდებულმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა.  

სპეცოპერაცია ბათუმსა და ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში