არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

29 იანვარი 2018, 00:00 2546 ნახვა

მესამე სექტორის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობასა და პროკურატურას გამოძიების დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. ითხოვენ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს საქმეში მითითებული სავარაუდო გატაცების ადგილიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალა,  აზერბაიჯანელ  ჟურნალისტსა და მის მეუღლეს ლეილა მუსტაფაიევას   კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.  

განცხადებას 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს და შემთხვევიდან რვა თვის შემდეგაც კი ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

‘’ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ის რომ არ მომხდარა დეტალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით, არ გასაჯაროვებულა ამოღებული ვიდეო-მასალა, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის საკითხი’’ - წერია განცხადებაში.

2018 წლის 12 იანვარს ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის მიმართ  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მომხდარის არაეფექტური გამოძიება  საქართველოს დემოკრატიის იმიჯს საფრთხეს უქმნის.

ხელმომწერები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და წერენ, რომ ‘’ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, ავტორიტარული რეჟიმის საზღვრებს მიღმა წვდომა "დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხედ" არის მოხსენიებული’’.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანში, ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული. მუხთარლის ჩვენების მიხედვით, ის ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა და ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით წაუყენეს.

ამავე კატეგორიაში