აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევები გაიზარდა

30 იანვარი 2018, 00:00 2435 ნახვა

წითელას ვირუსის გავრცელების კუთხით, რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.  ზაალ მიქელაძემ მოსახლეობას იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, ყველა სამედიცინო დაწესებულება მზად არის და იმუნიზაციის კაბინეტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მინისტრი მოქალაქეებს ურჩევს ოჯახის ექიმთან აცრის სტატუსი გადაამოწმონ.

‘’აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა. გასული წლის ნოემბრიდან დღემდე 86 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება იმუნიზაციაა. მოვუწოდებ მოქალაქეებს მიმართონ პოლიკლინიკებს, ამბულატორიებს, სადაც ვაქცინაციას ჩაიტარებენ. წითელას ძირითადი შემთხვევები გვაქვს აუცრელ კონტიგენტში, მაჩვენებელი 80% აღწევს. თუ მოქალაქეების იმუნიზაცია დროულად არ მოხდა, წითელას ვირუსის მატების შანსი გაიზრდება ‘’ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.   

მინისტრის ინფორმაციით, წითელას ვირუსის შემთხვევების 60% 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. ზაალ მიქელაძის განმარტებით, რეგიონში ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა. 

წითელას ვირუსის შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს 0-დან 1 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვები წარმოადგენენ. ვითარებას მედიკოსები ეპიდ-დაძაბულ ფონს უწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კვირაში 27 შემთხვევა ფიქსირდება, ბოლო ორი კვირის განმვლობაში კი, დაავადება სტაბილურად მაღალ დონეს ინარჩუნებს.

წითელას ვირუსი იწყება გრიპის მაგვარი სიმპტომებით, როგორიცაა მაგალითად მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ხველა, ხოლო სადიაგნოსტიკო გამონაყარი თავს იჩენს უკვე მეხუთე მეექვსე დღეს. ამიტომ  მედიკოსები ნებისმიერი საეჭვო ჩივილის გამოვლენისა და ინფიცირებულთან ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებს ურჩევენ, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

ამავე კატეგორიაში