რა ტიპის მშენებლობები აიკრძალება ძველ ბათუმში - დოკუმენტზე მსჯელობა მერიამ დააანონსა

31 იანვარი 2018, 00:00 3346 ნახვა

ბათუმის მერია ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის ამოქმედების დოკუმენტზე მსჯელობას იწყებს. საპროექტო დოკუმენტაცია ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ფბ გვერდზე გამოაქვეყნა.

ძველი ბათუმის ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმა 2017 წელს, მერიის დაკვეთით შპს "გეოგრაფიკმა" გააკეთა. დოკუმენტის მიხედვით, ისტორიული დამცავი ზოლი და ბუფერული ნაწილი ჰ. აბაშიძის (ყოფილი გრიბოედოვის) ქუჩიდან დაიწყება და ქალაქის ძველ ნაწილამდე გრძელდება. ნაწილობრივ დაცვის ზონაში მოხვდება ა.პუშკინის და ვ.გორგასალის ქუჩებიც. 

წითელი ზოლით შემოსაზღვრულია ის ნაწილი, რომელზეც სავარაუდოდ გავრცელდება ისტორიული დაცვის ზონა. 

ლურჯი ზოლი ე.წ. ბუფერული ზონა

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ისტორიული დაცვის ზონის მინიჭებას მოქალაქეების ნაწილი აქტიურად 2017 წლის ზაფხულიდან ითხოვს. ამ ზონის მოთხოვნით აქციები და სოციალური კამპანიებიც იმართებოდა - #შენიფოტოძველბათუმში  #დაიცავიძველიბათუმი 

აქციების შედეგად ამ ისტორიული ზონის დასამტკიცებლად ბათუმის მერიამ შპს "გეოგრაფიკს"  - ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების შესახებ დოკუმენტის მომზადება დაუკვეთა. კომპანიამ დოკუმენტი მერიას 2017 წლის ნოემბერში ჩააბარა. 

"გეოგრაფიკის" მიერ მომზადებულ დოკუმენტში საზოგადოება "ბათომი" რამდენიმე საკითხის დაზუსტებას ითხოვს. უფრო კონკრეტულად კი, ქალაქის მერისადმი 2017 წლის 27 დეკემბერს მიწერილ საჯარო წერილში კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ლაშა კომახიძეს სთხოვდნენ, რომ შპს "გეოგრაფიკის"' მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად, პარამეტრებში გაიწეროს დაცვის რეჟიმები. (დაცვის რეჟიმის პარამეტრებში იგულისხმება კონკრეტული ჩანაწერები, რამდენმეტრიანი სახლების მშენებლობაა დაშვებული, რა მასშტაბების და ა.შ.). 

"აუცილებელია  დოკუმენტში გაჩნდეს ჩანაწერი დაცვითი რეჟიმის კონკრეტული პარამეტრების შესახებ. ამის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების (პროფესიული, ფართო საზოგადოების) ჩართულობით მოხდეს საჯარო მსჯელობა ყოველი კონკრეტული პარამეტრის შესახებ მანამ, ვიდრე ის წარედგინება ბათუმის საკრებულოს დამტკიცებისთვის" - მიმართავდნენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ლაშა კომახიძეს.

"ბათომის" წევრები მიიჩნევენ, რომ არაკონკრეტული ჩანაწერები ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს, რაც ძალიან სერიოზულ საშიშროებას უქმნის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას.

რა წერია დოკუმენტში, რომლის კიდევ უფრო დაზუსტებას ითხოვს "ბათომი": 

"ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ შემდეგი სახის მშენებლობა:

თუ სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას.

თუ სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებული ურბანული ქსოვილი (შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები, გამოათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი ნაგებობებისაგან, აღადგინოს მისი ისტორიული გარემო თავდაპირველი სახით და სხვა).

საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. არ უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერ-სახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს.

ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში დაუშვებელია ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ისტორიულად არ ყოფილან განაშენიანებული. 

ტერიტორიებზე, სადაც მეცნიერული კვლევის საფუძველზე დასტურდება არაუმეტეს 50 წლის წინ მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულების არქიტექტურული ობიექტის არსებობა, მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო კვლევის საფუძველზე  მაქსიმალურად მიახლოებული პროექტით.

ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელის შეცვლა, გაფართოება, ნიშნულების ამაღლება, დაწევა ან სხვა  დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი და მეცნიერული დასაბუთების საფუძველზე, ისტორიულ იერ-სახესთან მაქსიმალურად მიახლოებით.

დღეს ბათუმის მერიის არქიტეტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა რამიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დოკუმენტის საჯარო განხილვა დაიწყება და შენიშვნების დაფიქსირების საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს  ექნება. დოკუმენტი შესასწავლად ბათუმის საკრებულოს წევრებსაც გადაეგზავნათ.

შენიშვნების შესწავლის შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად ჯერ ბათუმის საკრებულოს, საბოლოოდ  კი საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

ბოლო წლებში ბათუმის ისტორიულ ნაწილში ბევრი ისტორიული და ქალაქისთვის დამახასიათებელი შენონობები დაინგრა. ნაწილობრივ დაარღვია ქალაქის ისტორიული ქუჩების ურბანული ქსოვილი. 

 

.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში