ქედაში ორი სახლი, სასოფლო გზები და ცენტრალური მაგისტრალის მონაკვეთი დაიმეწყრა

01 თებერვალი 2018, 00:00 2895 ნახვა

მეწყრული პროცესები განვითარდა ძლიერი წვიმის შედეგად ქედაში. მიწის მასა ჩამოწვა სოფელ აქუცაში, წონიარისსა და ზვარეში.  ჩახერგილია სოფლამდე მისასვლელი გზები. 

მეწყერული პროცესები განვითარდა გვიან ღამით ოქტომბრის თემშიც, ჩახერგილი გზა უკვე აღდგენილია, ადგილზე საგზაო დეპარტამენტის ტექნიკამ იმუშავა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დილიდან ყველა დაზიანებულ ადგილზე გასულია შესაბამისი ტექნიკა. ვარაუდობენ, რომ მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება. 

მიწის მასა და ქვის ლოდები ჩამოიშალა ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზეც,  დილიდან სოფელ აქუცის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა რამდენიმე საათში სრულად აღდგება. 

მიწა ჩამოიშალა საცხოვრებელ სახლებთანაც, სოფელ კუჭულაში როლანდ ნაკაშიძისა და სოფელ წონიარისში ბადრი დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ დროებით ოჯახები მეზობლებთან გადაიყვანეს. გეოლოგები კი მეწყრულ კერებს დღეს შეისწავლიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში