ძველი ბათუმის ეზოებში კაფეების გასახსნელად მერია თანხას გამოყოფს

02 თებერვალი 2018, 00:00 3372 ნახვა

ძველი ბათუმის ტერიტორიის ეზოებში ტურისტული ობიექტების გახსნისთვის მერია გრანტებს დააფინანსებს. ინიციატივა ქალაქ ბათუმის მერმა დღეს გაახმოვანა, სადაც ისტორიული ქალაქის დაცვის დოკუმენტის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. 

ლაშა კომახიძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია ძველ ბათუმში გაჩნდეს ტურისტული ადგილები, რომელიც დამახასიათებელი იქნება ისტორიული ბათუმისთვის. "არ მინდოდა ამ ინიციატივის გაჟღერება, თუმცა რადგან მოსაზრება დარბაზიდან წამოვიდა, ვიტყვი, რომ ვგეგმავთ ძველი ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები დავაინტერესოთ მცირე ბიზნეს პროექტებით. უფრო კონკრეტულად, კი ძველ, ლამაზ ეზოებში გახსნან კაფეები, ან ჰოსტელები და სასტუმროები. ამისთვის, პირველ ეტაპზე, 10 000 ლარიანი გრანტები გვექნება და საინტერესო იდეებს დავაფინანსებთ, სავარაუდოდ 30 განაცხადის დაკმაყოფილება შეგვეძლება. რაც შეეხება სამომავლო იდეებს, გვსურს ამ ბიზნესების გაძლიერებისთვის, მეორე წელს, საუკეთესო პროექტის ავტორს დამატებით 50 ათასი ლარი მივცეთ, ვფიქრობთ მესამე ეტაპიც დაიგეგმოს, 100 000 გრანტის გაცემის, თუმცა ეს ჯერ დამუშავების ეტაპზეა და ფინანსები მოსაძიებელია" - განაცხადა ქალაქის მერმა. 

მერის განცხადებით, ამ იდეების შემოტანა ძველი ბათუმის ეზოებში მაცხოვრებლებს შეუძლიათ. 

 

ფოტო: https://kakhasblog.wordpress.com/

ამავე კატეგორიაში