უნდა გაიკეთოთ თუ არა წითელაზე ვაქცინაცია, როცა არ გახსოვთ ხართ თუ არა აცრილი

02 თებერვალი 2018, 00:00 3721 ნახვა

თუ არ გახსოვთ, გაქვთ თუ არა ვაქცინაცია ჩატარებული ან წითელას ვირუსი გადატანილი, სპეციალისტები ასეთი კატეგორიის მოსახლეობას, აცრის გაკეთების რეკომენდაციას აძლევენ. 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია უფასოა. ისინი, იმ პოლიკლინიკებში უნდა მივიდნენ, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ კი აცრა გაიკეთონ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, წითელას ვირუსის შესაჩერებლად დროული აცრები აუცილებელია. ნინო ნიჟარაძის თქმით აჭარაში წითელას 100 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. 

ვირუსის შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს 0-დან 5  წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვები წარმოადგენენ.

ეროვნული კალენდრით, წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ვაქცინაციის ორ დოზას ითვალისწინებს - ბავშვები 1 და 5 წლის ასაკში იცრებიან

წითელას ვირუსი იწყება გრიპის მაგვარი სიმპტომებით, როგორიცაა მაგალითად მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ხველა, ხოლო სადიაგნოსტიკო გამონაყარი თავს იჩენს უკვე მეხუთე მეექვსე დღეს. ამიტომ  მედიკოსები ნებისმიერი საეჭვო ჩივილის გამოვლენისა და ინფიცირებულთან ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებს ურჩევენ, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ამავე კატეგორიაში