ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი მისამართს იცვლის

02 თებერვალი 2018, 00:00 3305 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, რამდენიმე თვეში ახალ შენობაში გადავა. ობიექტზე ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.  

შენობა ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარეობს. საუბარია ობიექტზე, სადაც წლების განმავლობაში პროფესიული კოლეჯი იყო განთავსებული.

შენობა თავდაპირველად ორ სართულიანი იყო, პროექტის მიხედვით მესამე სართული დააშენეს და მანსარდი მოაწყვეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, სასწავლო დაწესებულების ახალ შენობაში განთავსდება საგამოფენო დარბაზი, სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნამუშევრებისთვის, მცირე საკონცერტო დარბაზი, მცირე თეატრი ორი საგრიმიოროთი, დრამის მიმართულების სტუდენტების საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებისთვის, ასევე კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებებისთვის დარბაზი, რომელიც  ას მაყურებელზეა გათვლილი. იქნება საკონფერენციო დარბაზი სინქრონული თარგმანის შესაძლებლობით. სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიებიც მოეწყობა, ტელე და კინომიმართულების სტუდენტებისთვის.  

შენობის რეკონსტრუქცია 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის შენობაში შესაძლოა სამომავლოდ აჭარის მთავრობის აპარატი გადავიდეს. კულუარებში უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობის საკითხიც განიხილებოდა. საუბარი იყო, რომ საკანონმდებლო ორგანო ჩაქვიდან, სწორედ აღნიშნულ შენობაში გადავიდოდა. 

ობიექტს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში