ბათუმში, საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასი 20% გაეზრდებათ

15 თებერვალი 2018, 00:00 17158 ნახვა

ბათუმში, საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასი 20% გაეზრდებათ.  მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საკრებულო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. თანხები კი მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება.

საბავშვო ბაღის აღმზრდელების შრომითი ანაზღაურება ამ ეტაპზე 336 ლარს შეადგენს.

საკითხი აქტუალური დღეს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გახდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ  საკრებულოს წევრთა ანაზღაურება იზრდება, პედაგოგთა ხელფასები კი წლებია უცვლელია.

"2013 წელს დეპუტატის ხელფასი 2700 ლარი, ბაღის პედაგოგის 330...

2018 წელი დეპუტატის სარგო 4500 ლარი, პედაგოგის 330"  - ამ შინაარსის სტიკერი, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ანთაძემ ტრიბუნაზე მიაკრა.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელფასო ნუსხა თებერვალშიც შეიცვლება. საპრემიო ფონდში გათვალისწინებული თანხები, სახელფასო ნაწილში გადავა. 

აღმზრდელის ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარამდე გაიზრდება (დარიცხული ოდენობა),  420 ლარის ნაცვლად. აღმზრდელის თანაშემწე 390 ლარის ნაცვლად, 470 ლარს მიიღებს, ფსიქოლოგსა და ლოგოპედს კი 400 ლარის ნაცვლად, 480 ლარი დაერიცხებათ.

მამუკა შამილიშვილის თქმით, ბათუმის მერიისგან იყო დაპირება, რომ აღმზრდელებს ანაზღაურება კიდევ გაეზრდებოდათ. კონკრეტული გადაწყვეტილება კი ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში