ბათუმის საკრებულოს შესყიდვების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

15 თებერვალი 2018, 00:00 4895 ნახვა

ბათუმის საკრებულოს შესყიდვების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მამუკა ქარცივაძე სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამბობს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, რადგან სოციალურ ქსელში სტატუსებს წერდა და ''ქართულ ოცნებას'' ღიად აკრიტიკებდა. 

ანალოგიურად ფიქრობენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მირდატ ქამადაძის განმარტებით, შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გასული წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში კრიტიკული განცხადებები გაავრცელა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი რეაქცია მოჰყვა.

ბათუმის საკრებულოში რეორგანიზაციის შედეგად 49 შტატიდან, 45  რჩება. ოთხი კი უქმდება. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართულები  არ ყოფილან.

​‘’ქართული ოცნების ‘’ წევრები კი აცხადებენ, რომ მუშა პროცესში მართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენ მერიის აპარატის უფროსი და საქმის წარმოების მთავარი სპეციალისტიც. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაცია იყო, თუმცა ჯგუფში ჩართვის სურვილი არ გამოთქვეს. 

 ‘’რეორგანიზაცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად დაიგეგმა. კონსულტაციები საჯარო სამსახურის ბიუროსთან გავიარეთ და პროცესი მათი რეკომენდაციების საფუძველზე წარიმართა. ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. ტექნიკურ დამხმარე საქმიანობას ეწეოდნენ, უვადო ხელშეკრულებაზე უნდა გადავიდნენ და საკრებულოს აპარატის შემადგენლობაში იქნებიან. რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, ისინი ძველ პოზიციაზე რჩებიან’’ - ამბობს ომარ მახარაძე. 

ბათუმის საკრებულოში შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიცია გაუქმდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში