სპეცოპერაციის დროს აყვანილი ქალის სასამართლო პროცესი

16 თებერვალი 2018, 00:00 1828 ნახვა

ბათუმსა და ქობულეთში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აყვანილი, თურქეთის მოქალაქის საქმის განხილვა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ 4 მოწმეს დღეს დაკითხავენ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.

ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს აღიარებს.

გამოძიება 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმის პროკურორი თავდაპირველად სხდომების დახურვას ითხოვდა, მოტივად კი საქმის ტერორიზმთან შესაძლო კავშირს ასახელებდა, თუმცა მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა. პროკურორის ამ სიტყვების გამო, ბრალდებული, არსებითი განხილვის ეტაპზე კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს, ამბობს, რომ ტერორიზმთან მისი კავშირი არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.  მას არ ეკუთვნის იარაღი, შესაბამისად დაირღვა მისი უფლებები.

33 წლის ქალის ასაყვანად პოლიციამ სპეცოპერაცია 25 ნოემბერს ჩაატარა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში