ფიდეს რეკომენდაციები-პასუხი ''მთავარს''

16 თებერვალი 2018, 00:00 1706 ნახვა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ბათუმის აეროპორტს რეკომენდაციით მიმართავს - გააუმჯობესოს პირობები, რათა ბათუმში სექტემბერში დაგეგმილი მსოფლიო ოლიმპიადის დროს ერთ დღეში 2000 სტუმრის მიღება შეძლოს”-ნათქვამია წერილში, რომელიც “მთავარმა” ფიდეს პრეს-ცენტრიდან მიიღო.

ამასთან ფედერაციის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ გასული წლის ოქტომბერში, ანტალიაში გამართული შეხვედრისას საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების ადგილის შეცვლის საკითხი დაისვა, ანუ იმ უფლების ჩამორთმევის, რომელიც საქართველოს 2014 წელს მიენიჭა, თუმცა ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება ბათუმის სასარგებლოდ მიიღო.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კითხვა არსებულ ინფრასტრუქტურას ეხებოდა, რაზეც მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე არსებული ვითარება აკმაყოფილებთ, თუმცა აღელვებთ დამატებითი შენობის ამბავი, სადაც შეხვედრები უნდა გაიმართოს. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დელეგაციამ რომელიც იანვარში იმყოფებოდა ქალაქში, სპორტის მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მტკიცე პირობა მიიღო რომ შენობა სექტემბრისთვის მზად იქნება.

ფიდე მარტში გეგმავს მორიგ ვიზიტს, რომლის დროსაც დამატებით საორგანიზაციო დეტალებს დააზუსტებს. როგორც იცით, მსოფლიო დონის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის დამატებითი დარბაზის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტრომ უფლება მიიღო, პირდაპირი შესყიდვა განახორციელოს და ხელშეკრულება კანადურ კომპანიასთან გააფორმოს, რომელმაც მშენებლობა 7 თვეში უნდა დაასრულოს.

მსოფლიოს 43-ე საერთაშორისო ოლიმპიადა სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი, ქალაქს 170 ქვეყნის 4000-მდე სტუმარი ეწვევა. ბათუმის აეროპორტში გვითხრეს, რომ მსგავსი რაოდენობის სტუმრების პრაქტიკა აქვთ და მზად არიან სტუმრების  მისაღებად. 

ამავე კატეგორიაში