გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი

19 თებერვალი 2018, 00:00 4557 ნახვა

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 63 წლის კაცის ბოლო სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღეში გაიმართება. დღევანდელი სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს სხდომა დახურა. მხარეებს დღეს პროცესზე საბოლოო სიტყვა უნდა წარედგინათ. დაცვის მხარემ მისი გადადება ითხოვა, შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ადვოკატის ინფორმაციით საკუთარი საბოლოო სიტყვა წარმოსთქვა პროკურატურამ და წინასწარ პატიმრობაში მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა.

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხევაში 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვს ბრალდებულის ადვოკატი, რომელსაც დღეს არ დაუმალავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსგავსი ქმედების გამო ერთხელ უკვე ნასამართლევია 1991 წელს და სასჯელის სახით მისი ინფორმაციით, მკურნალობასაც კი გადიოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

რაც შეეხება მიმდინარე საქმეს, ექსპერტიზის დასკვნებთან ერთად ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დასკვნაც დევს, სადაც ადვოკატის ინფორმაციით მითითებულია, რომ ბრალდებულს შეუძლია წარსდგეს სასამართლოს წინაშე და პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს ბრალდებულმა წინა სხდომებზე აღიარებული დანაშაული უარყო.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში