არის თუ არა მწვანე ტბაში დარჩენილი საბრძოლო მასალა?

23 თებერვალი 2018, 00:00 6112 ნახვა

ხულოში, მწვანე ტბის ფსკერზე იარაღის არსენალი 2015 წელს აღმოაჩინეს. ექსპედიციის წევრები, რომლებიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე,  ფლორისა და ფაუნის, ასევე, ტურისტული პოტენციალის შესასწავლად ავიდნენ, წყლის ქვეშ,  18 მეტრის სიღრმეზე ათობით ყუმბარმტყორცნი და საბრძოლო იარაღი იპოვეს.

ინფორმაცია 2015 წლის აგვისტოში  მედიაშიც გავრცელდა და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ავიდნენ. საქმე აღიძრა და როგორც შსს აცხადებენ ტბა იარაღისგან გაიწმინდა. 

თუმცა, სხვადასხვა ფორუმებზე ისევ გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტბაში იარაღის არსენალი არის და ის სახიფათოა. ერთ-ერთი ფბ მომხმარებლის მტკიცებით, იარაღი ტბიდან არ ამოუღიათ და ტურისტებს საფრთხე ემუქრებათ. 

2017 წელს, ტბის ფსკერი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა დაათვალიერეს. მათი მიზანი ტბის ფსკერის კვლევა და წყალქვეშა გადაღებები იყო.  სამინისტროს მოწვევით, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყვინთავ-ბიოლოგის მიერ წყლის სიღრმეში გადაღებულ მასალაში ჩანს ერთი (სავარაუდოდ) ყუმბარმტყორცნი.    

(იხ. ვიდეო 2 წუთი და 50 წამიდან)  

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპედიციის შემდეგ, ამ ფაქტის შესახებ (იგულისხმება ფსკერზე ნაპოვნი საბრძოლო მასალა)  მათ ინფორმაცია მიაწოდეს შესაბამის უწყებებს, თუმცა კონკრეტულად რომელ უწყებებს დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინების საფუძველზე, რამდენჯერმე მოხდა ტბის ფსკერის გაწმენდა  საბრძოლო მასალებისგან. ამ დროისთვის კი  არანაირი შეტყობინება სამინისტროში არ არის შესული. 

სავარაუდოდ, მწვანე ტბაში, იარაღი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სპეცრაზმელებმა ჩაყარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი პირველად 2006 წელს შეამჩნიეს, თუმცა მისი ამოღება ტბიდან მაშინ არ მომხდარა.

 

ამავე კატეგორიაში