ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: ''ხომ არ შეიცავდა შავაძის განცხადებები ეთიკის დარღვევის ფაქტებს''

24 თებერვალი 2018, 00:00 2134 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი გუშინ, 23 თებერვალს, აჭარის მაუწყებლის ეთერში, მოსამართლე ირაკლი შავაძის ბრალდებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ, არ პასუხობს. განმარტებები დავით მამაისეიშვილმა მხოლოდ იმაზე გააკეთა, რომ შესაძლოა მოსამართლე შავაძემ დაარღვია ეთიკა.

“სამოსამართლეო ეთიკა და მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების შესახებ კანონი, მიკრძალავს რაიმე კომენტარის გაკეთებას კონკრეტულად მოსამართლესთან დაკავშირებით. უმჯობესია დამატებით მიმართოთ დამოუკიდებელ ინსპექტორს, ხომ არ შეიცავდა მისი განცხადებები, ეთიკის დარღვევის ფაქტებს, რადგან ვფიქრობ, ის კანონის მიერ შებოჭვაში იყო“- ასე გამოეხმაურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი,  მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ, გუშინ აჭარის ტელევიზიის ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. 

ირაკლი შავაძის ბრალდებების საპასუხოდ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დამატებითი განმარტებებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

„ ნახეთ კანონი საერთო სასამართლეობის შესახებ და მიხვდებით, რომ სასამართლოს თავმჯდომარე მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კანონი მიკრძალავს, რაიმე ტიპის განმარტება გავაკეთო და უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიო რომელიმე მოსამართლე. არ მინდა დისციპლინური დევნის ობიექტი გავხდე“,- აცხადებს დავით მამისეიშვილი.

როგორც იგი ამბობს, უქმეების გამო ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, უპასუხებს თუ არა ირაკლი შავაძის ბრალდებებს საჯაროდ.  „შაბათი-კვირაა, ოჯახთან ერთად ვარ და არ ვარ ჩამოყალიბებული“, - განაცხადა მამისეიშვილმა. ირაკლი შავაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში