აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტატუნაშვილის დაღუპვას ეხმაურება

28 თებერვალი 2018, 00:00 1904 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა.

ჰიზერ ნაუერტის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი უსამძიმრებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე დაღუპული ქართველის ოჯახის წევრებს. მისივე თქმით, ფედერალური აღმასრულებელი დეპარტამენტი ასევე შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებითაც და მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრულად დადგენას მოითხოვს. საქართველოს სამი მოქალაქე ახალგორიდან 22 თებერვალს დილით გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას, კი დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე თვითაღიარებული ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. მას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ. 

ამავე კატეგორიაში