TV 25-ზე შესაძლო ჰაკერული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

07 მარტი 2018, 00:00 2825 ნახვა

‘’თქვენი ვებ საიტი, შიდა სერვერი და ყველა კომპიუტერი დავირუსებულია და იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. გუშინდელი თამაში მოსაგონი იქნება თუ ჩვენს მითითებულ ინსტრუქციას არ შეასრულებთ. .. 6 საათი გაქვთ ვადა რომ გამოხვიდეთ კონტაქტზე. შემდეგ კი დაიწყება სათითაოდ ყველა კომპიუტერისა და მასალის დაზიანება’’ - აღნიშნული მუქარის შემცვლელი წერილი ‘’TV 25’’-ის თანამშრომლებმა დღესაც მიიღეს.

ტელეარხ 25-ზე სავარაუდო ჰაკერული თავდასხმის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ტელევიზიაში უკვე იმყოფებოდნენ გამომძიებლები და ამოღებულია ის კომპიუტერი, სადაც შესაძლო თავდამსხმელისგან შეტყობინება შევიდა.

არხის თანამშრომლების განცხადებით, გუშინ საღამოს მიიღეს მუქარის შემცველი პირველი წერილი, რასაც საეთეროდ მომზადებული მასალებისა და არქივის ნაწილის წაშლა მოჰყვა. ეთერში ვერ გავიდა ''მაცნეს'' ანონსი. 

საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, სავარაუდო კიბერთავდამსხმელი თანხის ჩარიცხვას და თანამშრომლობას ითხოვდა.

ტელეკომპანიამ საგამოძიებო უწყებას მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფას ითვალისნწინებს

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში