1 წელი ბათუმის მოვლენებიდან

11 მარტი 2018, 00:00 2858 ნახვა

დღეს 11 მარტია და ბათუმში მომხდარი ცნობილი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. აქცია შარშან 11 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ დაიწყო, სადაც მოქალაქე ჯიმი ვარშანიძე საპატრულო ეკიპაჟმა დააჯარიმა, რომელიც მოგვიანებით სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს. ასევე პოლიციამ აიყვანა  ვარშანიძის თანმხლები პირიც. რამდენიმე წუთში მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დაიწყო რომელშიც რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.  მათ მსვლელობით გადაინაცვლეს შსს სამინისტროს აჭარის მთავარი  სამმართველოს შენობასთან და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას.

მოთხოვნებს შორის იყო ასევე საპატრულო პოლიციის  იმჟამინდელი უფროსის  კახაბერ ბუხრაძის გადაყენება. პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით, დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს, დაამტვრიეს შუქნიშნები. დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები ასევე პოლიციელები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. საბოლოოდ უკვე 12 მარტს, დილის 5 საათზე პოლიციის შენობასთან სპეცრაზმი გამოჩნდა. აქცია დაიშალა ისე, რომ ძალოვანებს არ დასჭირვებიათ ძალის გამოყენება. საბოლოოდ 21 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათგან 2 არასრულწლოვანი.   

ამავე კატეგორიაში