''10 კანდიდატიდან უმრავლესობამ მხოლოდ ერთს მისცა ხმა, დასკვნები თავად გააკეთეთ'' - ნათია სირაბიძე

16 მარტი 2018, 00:00 2908 ნახვა

"10 კანდიდატიდან ერთხმად მოეწონათ ერთი ადამიანი, შეიძლება დასკვნები გამოვიტანოთ" - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატის წარდგენას, კონკურენტი ნათია სირაბიძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა აღნიშნულ კონკურსში. 

ნათია სირაბიძე ამბობს, რომ ზუსტად იცოდა უმაღლესი საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა: "დიდი ხანია ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობდი მაინც მიმეცა შანსი სამართლიანობისთვის".

მაუწყებლის კითხვაზე, ამ ლოგიკით, აირჩევდნენ თუ არ მას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე რომ ყოფილიყო, სირაბიძე ამბობს რომ არა. 

"შეგახსენებთ, არჩილ ხაბაძის დროს, ბორდის წევრად აჭარის კვოტით "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გენო გელაძე წარადგინეს ორჯერ, მაშინ უმაღლესი საბჭო მთავრობისგან დამოუკიდებელად იღებდა გადაწყვეტილებას. ვერ შევაფასებ არის თუ არა დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭო დღეს,თუმცა,  რადგან ერთხმად მხოლოდ ერთი მოეწონათ, დასკვნები თვითონ გააკეთეთ" - ამბობს სირაბიძე

სირაბიძე, ბესო ლილუაშვილთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე აჭარის კვოტით მონაწილეობდა კონკურსში. ორივე კანდიდატი აჭარის მთავრობის ყოფილი თანამშრომელია.

ნათია სირაბიძემ აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. მოგვიანებით, 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ხაბაძემ დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, სირაბიძეს ​ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 

რაც შეეხება ბესო ლილუაშვილს, მან აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობა, ორი კვირის წინ, 2 მარტს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

დღეს უმაღლესმა საბჭომ, 13 ხმით, 12 კანდიდატიდან, ბორდის წევრობაზე ბესო ლილუაშვილი წარადგინა.  ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამტკიცებენ, რომ  უმაღლეს საბჭოს 3 კანდიდატის წარდგენა შეეძლო, რაზეც უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის 26-ე მუხლის 1 პირველი ნაწილით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, აჭარის კვოტით, ერთი კანდიდატი უნდა წარადგინოს პარლამენტს, თუმცა ამავე კანონის მე- 7 მუხლში წერია, რომ შესაძლებელია სამი სავარაუდო კანდიდატის წარდგენაც. 

ამავე კატეგორიაში