ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 კლინიკას დღეს დატოვებს

16 მარტი 2018, 00:00 2451 ნახვა

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 კლინიკას დღეს დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, რომელმაც გუდაურში დაშავებული პაციენტები მოინახულა.

მისივე თქმით, დაშავებულების ნათესავებს ავიაბილეთებითა და სასტუმროს მომსახურებით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულებიდან ორი უკრაინის, ოთხი - რუსეთის,  ერთი - შვედეთის და ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა. დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება. სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

პრემიერი გუდაურის შემთხვევას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც მომხდარ ფაქტზე გამოიკვეთება. სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად დღეს გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ამავე კატეგორიაში