11 ათასი ლარი ზოოკუთხიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს

19 მარტი 2018, 00:00 3530 ნახვა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას ზოოკუთხის ყოფილი თანამშრომლისთვის, დაახლოებით 11 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ამირან მურვანიძე ასევე  სამსახურში უნდა აღადგინონ. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ზოოკუთხის ​განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელი დააკმაყოფილა. 

მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ ის სამსახურიდან უსაფუძვლოდ დაითხოვეს. მისივე განმარტებით, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზოოპარკში ცხოველების დაავადებისა და რთული პირობების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა.

ალექსანდრე თევზაძე კი ამირან მურვანიძეს არაკვალიფიციურობასა და უყურადღებობაში სდებდა ბრალს, ასევე ზოოპარკში მობინადრე ცხოველების დაავადებასა და სიკვდილიანობაში ადანაშაულებდა. 

ბათუმის ზოოპარკი დამთვალიერებლისთვის საფრთხის შემცვლელი იყო - ამის შესახებ  ,,ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელმა 24 იანვარს ისაუბრა. მისი მტკიცებით, ცხოველებში ​ეხინოკოკის ფაქტი დადასტურდა. "გატარდა ს​აკარანტინო ღონისძიებები, ყველა ასპექტი მაგ მიმართულებით კონტროლის ქვეშაა. ამდენი წლის განმავლობაში არასათანადო მოპყრობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს ამ საფრთხეების წინაშე ვდგავართ’’ - ამბობდა თევზაძე სასამართლო პროცესზე.

მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  

აჭარის მაუწყებელმა, რამდენიმე თვის წინ მოამზადა მასალა, სადაც რესპოდენტები ზოოპარკში ცხოველების სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობდნენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში