ბათუმში სახლის სახურავიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა

20 მარტი 2018, 00:00 5769 ნახვა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სახურავიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი სახლზე საწვიმარ მილს ცვლიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. აღნიშნულ ადგილას, სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, მედიკოსებმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 32 წლის კაცი ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. 

ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას აზუსტებენ და მომხდართან დაკავშირებით კომენტარს, მოგვიანებით გააკეთებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში