სპორტი მთავარში

21 მარტი 2018, 00:00 2332 ნახვა

• დღეს ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე,  მე-11 სატურნირო დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი სუმოისტი, სეკივაკეს წოდების მქონე ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ოძეკ ტაკაიასუს დაუპირისპირდა და  ძალიან მძიმე შეხვედრაში დამარცხდა.  მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო, გამარჯვება მაინც მოწინააღმდეგეს ერგო, რადგან  ქართველმა, ორთაბრძოლისას ქუსლი დოჰიოს გარეთ დადგა რაც მსაჯთა კონსილიუმს არ გამოპარვია. მიმდინარე ბაშოზე გორგაძისთვის ეს მეოთხე წაგება იყო, მას ტურნირზე სულ 7 მოგება აქვს და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი გამარჯვება სჭირდება. ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს, მისი მეტოქე მონღოლი იოკოძუნა  კაკარიო იქნება, რომელიც 11- ვე ორთაბრძოლის  მოგებით  პირველ ადგილზე იმყოფება. ჰარუ ბაშოზე სულ ოთხი საშეჯიბრო დღეა დარჩენილი.

• 4-5 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები  ახალი შესარჩევი ციკლის ფარგლებში წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და მათზე დასწრება თავისუფალია. ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირში წინა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და „დ“ ჯგუფში ალბანეთი ნაკრებს მხოლოდ  სამი ქულით ჩამორჩა, შესაბამისად შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ინგლისელებმა ვერ მოიპოვეს, საქართველოს ნაკრები კი მიზანთან ძალიან ახლოს იყო, ჩვენმა გუნდმა პლეი ოფში რუმინეთის ნაკრებთან განიცადა მარცხი.

• საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობა ეროვნული ლიგა 2-ის ოთხმა, ლიგა 3-ის ოცმა და რეგიონული ლიგის 39 გუნდმა მიიღო. პირველი ეტაპის მატჩები 16, 17 და 18 აპრილს გაიმართება, მეორე ეტაპის შეხვედრები კი, 8 და 9 მაისსაა ჩანიშნული. შემდეგ ეტაპზე გასული გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

• დღეს, ბათუმში, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა რომელსაც ხელი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ნათია კაპანაძემ მოაწერეს.  რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას  ბათუმი შემოდგომაზე უმასპინძლებს, შეჯიბრი სტარტს 23 სექტემბრიდან აიღებს და მასში 189 ქვეყნის მოჭადრაკე  მიიღებს მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში