TV 25-ის ყოფილი თანამშრომლები ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ

22 მარტი 2018, 00:00 2678 ნახვა

დღეს, 22 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლო TV25-ის ყოფილი თანამშრომლების ეკატერინე დავითაძისა და რუსლან დავითაძის სარჩელს განიხილავს.

ყოფილი თანამშრომლები ტელევიზიის მენეჯმენტს უკანონოდ გათავისუფლებაში ედავებიან. მათი თქმით, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს ეკატერინე დავითაძეს, არხის მთავარ ოპერატორ რუსლან დავითაძეს, „მაცნეს“ ჟურნალისტ თამარ კიკნაძესა და ტიტრის ოპერატორ მანანა ბერიძეს დირექტორის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება 2018 წლის იანვარში შეუწყდათ.

"თავდაპირველად, თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელეს, მოგვიანებით, კი როცა გაარკვიეს რომ შრომის კოდექსის თანახმად, აღნიშნული ვერ იქნებოდა გათავისუფლების საფუძველი, რამდენიმე "სხვა ვერსია" მოგვწერეს, რაც მიგვაჩნია რომ უსაფუძვლოა და დირექტორმა პირადი, ანგარების მოტივით მიიღო გადაწყვეტილება, ამიტომაც საკუთარი უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით შევეცდებით" - წერია ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ეკატერინე დავითაძე ამბობს, რომ იყო გადაწყვეტილებები რომელსაც არ ეთანხმებოდნენ. მათ შორის შაბათ-კვირას საინფორმაციო გამოშვებების გაუქმება. ასევე ხულოს ბიუროს დახურვა.

''24 ნოემბერს, მაშინ როცა ''ლეოგრანდის'' ტრაგედია მოხდა, მთავარი პროდიუსერი ვიყავი, ასევე სუფლიორთან ვიჯექი. პარასკევს მორიგე არ გვყავს, ამიტომ ხანძრის ადგილას გადამღები ჯგუფი ვერ გავუშვი. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ არცერთი ოპერატორი გადაღებაზე არ გამოდიოდა და მე სახლში უნდა წავსულიყავი. ოპერატორებს, მძღოლებს სულხანს მესხიძეს და მე საყვედური გამოგვიცხადეს. გათავისუფლების საფუძველი ერთი საყვედური ვერ გახდებოდა, სხვა დროს მე შენიშვნა არ მქონია'' - ამბობს ყოფილი თანამშრომელი.

სასამართლოში მიმართვის შემდეგ, ჟურნალისტი თამარ კიკნაძე სამსახურში აღადგინეს, თუმცა მას საინფორმაციო სამსახურში უფლებამოსილების განხორციელების საშუალება დღემდე არ ეძლევა.

''სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 14 იანვარს მივიღე, ზუსტად ერთ თვეში კი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე. 15 თებერვალს უკვე ტელევიზიაში ვიყავი, მაგრამ ამ დრომდე გადაღებაზე არ გავსულვარ. მოხსენებითი ბარათიც დავწერე. რატომ არ მიშვებენ გადაღებებზე მიზეზები ჩემთვის არ აუხსნიათ. მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. მე სამედიცინო გადაცემას მოვამზადებ, თუმცა საინფორმაციო სამსახურიდან წასვლას არ ვაპირებ,'' - ამბობს თამარ კიკნაძე

TV25-ის დირექტორ, მურთაზ ფრანგულაშვილს ამ ეტაპზე ვერ დავუკავშირდით. 

ამავე კატეგორიაში