ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად აირჩიეს

23 მარტი 2018, 00:00 3773 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე, ზაზა შათირიშვილისა და ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო.

ზაზა შათირიშვილმა 103 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, წინააღმდეგი  კი 8 იყო.

ბესიკ ლილუაშვილს ნდობა 101 დეპუტატმა გამოუცხადა, საკანონმდებლო ორგანოს ხუთმა წევრმა კი მას მხარი არ დაუჭირა.

რაც შეეხება, ბორდის წევრობის სხვა კანდიდატებს. კენჭისყრის შედეგები ასე  გამოიყურება: ნინია კაკაბაძე - 11 მომხრე, 40 წინააღმდეგი. მალხაზ ასლამაზიშვილი -16 მომხრე, 7 წინააღმდეგი. ია მამალაძე - 74 მომხრე, 4 წინააღმდეგი.

კენჭი უყარეს, ასევე, ზვიად დევდარიანი კანდიდატურასაც, რადგან, ოფიციალურად დოკუმენტი არც სახალხო დამვცველს და არც ყოფილ კანდიდატს არ გაუთხოვიათ. დევდარიანმა 3 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, მის წინააღმდეგ კი ხმა 45 დეპუტატმა მისცა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ოთხი ვაკანსია იყო.

უმრავლესობამ საკუთარი კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის, ია მამალაძის და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურები წარადგინა.  პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით შათირიშვილი აირჩია.  

უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი იყო ნინია კაკაბაძე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსი 16 თებერვალს გამოცხადდა.

ბორდის წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკუთარი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა. ამასთანავე, სამეურვეო საბჭოს 3 წევრს - ბორდის თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას, წევრებს - გიორგი კოხრეიძესა და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში