''ლეოგრანდის'' საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

23 მარტი 2018, 00:00 9457 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

''გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები'' - განაცხადა ბრიფინგზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

მამუკა ჭელიძის თქმით, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო. 

სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრამდე სასტუმრო „ლეოგრანდში“ გეგმიური შემოწმება ჩატარდა, გამოვლინდა დარღვევები, რომელთა გამოსასწორებლად პასუხისმგებელ პირებს გონივრული ვადა მიეცათ. განმეორებითი შემოწმება სასტუმროში 2017 წლის 20 ივნისს განხორციელდა, რის შედეგადაც, „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაჯარიმდა. 

2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“  პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ამავე კატეგორიაში