მერიამ ''იაფი სახლის'' ასაშენებლად კვალიფიციური კომპანია ვერ შეარჩია 

26 მარტი 2018, 00:00 2146 ნახვა

მერიამ ამ დრომდე ვერ შეარჩია კვალიფიციური კომპანია, რომელიც ''იაფ სახლს'' ააშენებს. უკვე მეხუთე წელია, თვითმმართველობის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია, თუმცა იდეის განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლეს. 

“იაფ სახლს” შ.პ.ს. “მომავლის ხედვა” აღარ ააშენებს. მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. კომისიის წევრების განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა.

შ.პ.ს. “მომავლის ხედვამ” მერიის მიერ გამოცხადებული ''იაფი სახლის'' ტენდერში, ყველაზე დაბალი ფასი 2 მილიონ 181 ათას 664 ლარი დააფიქსირა.

კომპანია კომისიის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ამბობენ, რომ კომისია კიდევ ერთ პრეტენდენტს, კომპანია “ემ-ტი-ემ”-ს განიხილავს.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა ''იაფი სახლის'' მშენებლობაზე ტენდერი, წელს მეორედ, 16 თებერვალს გამოაცხადა. მერიას მშენებლობისთვის თითქმის სამასი ათასი ლარით მეტი  ჰქონდა გათვალისწინებული.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 წლის წინაც გამოვლინდა, მაშინ თვითმმართველობამ კომპანია ''კონვერტ ჯორჯიას'' მილიონ 600 000 ავანსის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც კომპანია გაუჩინარდა.

როექტის ფარგლებში, ორი ხუთსართულიანი სახლი, ჯავახიშვილის N78-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ''იაფი სახლის'' მშენებლობა ქალაქის მერიამ 2014 წელს დაგეგმა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში