ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

26 მარტი 2018, 00:00 2533 ნახვა

ტყიბულის ტრაგედიიდან თითქმის ერთი წლის თავზე – ამჯერად მაღაროელი ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დაიღუპა. ეს წელს, სამუშაოს შესრულებისას დაღუპული მეცხრე ადამიანია. გვირაბგამყვანის ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდება. გამოძიება დაწყებულია.  

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საქმე გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს, რადგან საუბარი ეხება არა შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას, არამედ ობიექტს, რომელზეც თამაზ დოლაბერიძის შეფასებით სამუშაოს წარმოება დაუშვებელი იყო.  

არგუმენტები და შესაბამისობის სერტიფიკატები აქვს დამსაქმებელს. ცოტა ხნის წინ ადგილზე იმყოფებოდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მაღარო გასულ წელს შეამოწმეს და გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდათ, თუმცა გვირაბი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მათ შარშან არ უნახავთ. 

უცნობია ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჭიათურის შემთხვევაში, ან კონკრეტულად რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან გასული წლის მაისში ტყიბულში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დასრულებულია და ერთი ადამიანია მიცემული პასუხისგებაში, რომელსაც ობიექტზე ტექნიკური საკითხების მოგვარება ევალებოდა. 

ამავე კატეგორიაში