პროკურატურის მოთხოვნით ''ლეოგრანდში'' უსაფრთხოების ნორმები შეისწავლეს

28 მარტი 2018, 00:00 2663 ნახვა

პროკურატურის მოთხოვნით, ბათუმის მერიამ  "ლეოგრანდში" უსაფრთხოების ნორმები შეამოწმა. სასტუმროში არსებული ვითარება, რომელიც ოთხი თვეა არ ფუნქციონირებს, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ მერიის წერილის საფუძველზე შეისწავლა. 

სააგენტოს ხელმძღვანელი აჭარაში ირაკლი თოიძე ამბობს, რომ სახანძრო უსაფრთხოების შესწავლა ქალაქის თვითმმართველობას პროკურატურამ მოსთხოვა: "შენობის უსაფრთხოება, ამჯერად, მერიის ოფიციალური წერილის საფუძველზე შემოწმდა,  შემოწმების შედეგებს მერიას წერილობით მივაწვდით, სადაც დეტალურად აღვწერთ სასტუმროში არსებულ ვითარებას, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს".

სასტუმრო "ლეოგრანდში" , 2017 წლის 24 ნოემბერს, ხანძრის შედეგად , 11 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძების შედეგად დაადგინა, რომ სასტუმროში დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. უწყებამ დაადგინა, რომ შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები. 

ამ დრომდე სასტუმრო ''ლეოგრანდში'' სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არაფერი შეცვლილა, სასტუმრომ მხოლოდ სახელი შეიცვალა და ტრაგედიის შემდეგ ''ველმონდი'' დაარქვეს. 

პროკურატურა  “ლეოგრანდის “ საქმეზე დაკავებულ ორ პირს, რომელსაც სასტუმროში მენეჯერული პოზიცია ეჭირათ, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

ამავე კატეგორიაში