ოჯახში ძალადობის ფაქტზე 855 ადამიანია დაკავებული

29 მარტი 2018, 00:00 2717 ნახვა

ფოტო: police.ge

საქართველოში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ბოლო სამ თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 855 ადამიანი დააკავა. აქედან, აჭარაში 40 ფაქტი დაფიქსირდა. დაკავებულებს ოჯახის წევრებზე სხვადასხვა ფორმით ძალადობაში ედებათ ბრალი. 

ორ დაკავებულს ოჯახის წევრის მკვლელობას ედავებიან, სამ პირს კი მკვლელობის მცდელობაში. 5 დაკავებულმა ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დააზიანა, ხოლო 39 ემუქრებოდა მსხვერპლს.

ოთხ მოქალაქეს კი, სამართალდამცველები ედავებიან ოჯახის წევრის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის დარღვევას, მსხვერპლის დამცირებას ან არაადამიანურად მოეპყრობას, ოჯახის წევრის  თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას და მძევლად ხელში ჩაგდების მცდელობას. 

ოჯახში სხვადასხვა ფორმით ძალადობის ბრალდებით თბილისში 424 პირი დააკავეს , იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 78, ქვემო ქართლში - 76, კახეთში - 68, შიდა ქართლში - 66, აჭარაში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 39, სამეგრელოში - 25, გურიაში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 14-ი.

მსხვერპლთა დაცვისთვის შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოიცა.

"გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია" - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ლონდა თოლორაიამ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ  პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე დაიწყო, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179-ე.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა" - წერია სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

ამავე კატეგორიაში