გრიბოედოვი თუ ტატუნაშვილი - საკრებულოში ქუჩისთვის სახელის შეცვლის საკითხზე დღეს არ იმსჯელეს

30 მარტი 2018, 00:00 1985 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები ინიციატივით გამოდიან, ბათუმში ერთ-ერთ ცენტრალურ, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩას სახელწოდება შეეცვალოს და მას ტატუნაშვილის სახელი ეწოდოს.

ოპოზიოციონერი დეპუტატები საკითხის დღის წესრიგში შეტანას ითხოვდნენ. საკრებულომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

‘’ქართულ ოცნების’’ წევრები განმარტავენ, რომ თემაზე ჯერ კომისიის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. ასევე საჭიროა მოქალაქეების გამოკითხვა და მათი აზრის გათვალისწინებაც. დეპუტატები ამბობენ, რომ საკითხის, 30 მარტის დღის წესრიგში შეტანა, პროცედურული დარღვევა იქნებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის  ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სამხედროს ცხედარი ქართულ მხარეს 21 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ გადმოსცეს.

24 მარტს ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში