ნინია კაკაბაძე მეექვსე მცდელობაზე მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს

04 აპრილი 2018, 00:00 2954 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდა. ვაკანტურ თანამდებობებზე,  დღეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი,  ნინია კაკაბაძე აირჩიეს. მან 55 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, 12 კი წინააღმდეგი წავიდა. 

23 მარტს პარლამენტმა, უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. მას მხარი მხოლოდ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 40-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

იზაბელა ოსიპოვას ნდობა 93 დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ორი წევრი, ზაზა შათირიშვილისა და ბესიკ ლილუაშვილი კი 23 მარტის სხდომაზე აირჩიეს.

ბორდში ოთხი ვაკანსია იყო. ღია კონკურსი 16 თებერვალს გამოცხადდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა. სამეურვეო საბჭოს 3 წევრს კი  ბორდის თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას, წევრებს - გიორგი კოხრეიძესა და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

ბორდის ახალი წევრები მუშაობას 18 აპრილიდან შეუდგებიან.

ამავე კატეგორიაში