ჭერის ჩამონგრევის შედეგად ტყიბულში 6 მუშა დაიღუპა

05 აპრილი 2018, 00:00 2895 ნახვა

დღეს, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტაში, 6 მუშა კედლების დეფორმაციისა და ჭერის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა. ჭერის ჩამონგრევის შესახებ შეტყობინება„112“-ში დილის 04:00 საათზე შევიდა.

"შეტყობინება შემოვიდა, რომ მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.  შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა" - წერია უწყების განცხადებაში. 

შახტაში სულ 9 მუშა იმყოფებოდა, სამმა მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში