აჭარაში 87 ბოთლი ფალსიფიცირებული ვისკი ამოიღეს

05 აპრილი 2018, 00:00 2754 ნახვა

აჭარაში სამართალდამცველებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების საამქრო აღმოაჩინეს, სადაც მოქალაქე ვისკის მინის ჭურჭელს აგროვებდა, (რომელიც ფოტოზეა მოცემული), შესაბამისი დამუშავების შემდეგ, ჯერ კიდევ დაუზუსტებელ სითხეს ასხამდა, ყალბ აქციზს აკრავდა და სარეალიზაციოდ გაჰქონდა. 

ქვემო მოცემულ ფოტოში უკვე გასაყიდად გამზადებული ბოთლებია გადაღებული. 

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, სად ხდებოდა ამ პროდუქციის რეალიზაცია და რა პერიოდის განმავლობაში ეწეოდა ამ საქმიანობას ბრალდებული პირი. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სასმელის გაყალბება აჭარაში ხდებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ: ''აჭარაში სამართალდამცველებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლურ სასმელ ვისკი ''ჯეკ დენიელსს'' კუსტარულად ამზადებდა და ყიდდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკაა ამოღებული.''

თუ სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ ცნო, მას 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

ამავე კატეგორიაში