ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

05 აპრილი 2018, 00:00 2740 ნახვა

ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მედიკოსების ინფორმაციით, ერთ-ერთ პაციენტს, სავარაუდოდ, გულის უკმარისობა აქვს, მეორეს კი დაბალი არტერიული წნევა. 

მოშიმშილეები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს  ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდებათ. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. 

საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია, ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი  დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. 

დასაქმებულთა ნაწილი, პორტის მუშაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სამუშაო ადგილებს გუშინ დაუბრუნდა.

საზღვაო სანაოსნოს ადმინისტრაციამ სამართალდამცველებს გამოძიების დაწყების თხოვნითაც მიმართა. მათი განმარტებით, 3 აპრილს, პორტში გემი ვერ შევიდა, რადგან თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ზღვით შესასვლელი ხელოვნურად ჩახერგა. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 222-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში