ბავშვის ყიდვა-გაყიდვის და სექსტრეფიკინგის 6 შემთხვევა აჭარაში

01 მაისი 2018, 00:00 5036 ნახვა

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის 21 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აქედან სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აჭარაში ბავშვის ყიდვა-გაყიდვის ერთზე, ხოლო სექსტრეფიკინგის 6 ფაქტზე აღძრა.  

ადამიანის ვაჭრობის კუთხით, ხშირი სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგია. ზემოთ აღნიშნული 21 საქმიდან, 15 სექსუალური ექსპლუატაციას ეხება და ყველაზე მეტი შემთხვევა, ზღვისპირა რეგიონზე მოდის. 

სექსტრეფიკინგის დანაშაულებები ჩადენილია: 1 აზერბაიჯანში, 14 საქართველოში. 6 სავარაუდოდ, აჭარაში, 3 თბილისში, 1 შიდა ქართლში, ხოლო 4 ქვემო ქართლში. 

სხვა საქმეები ეხება შრომით ექსპლუატაციას, მათ შორის ბავშვების. 

შიდა ქართლში დაფიქსირდა როგორც სექსუალური, ისე შრომითი ექსპლუატაციის ერთი შემთხვევა, აფხაზეთში კი იძულებითი შრომის ერთი შემთხვევა.

ქვემო ქართლში საქმე აღიძრა როგორც სრულწლოვანის, ისე არასრულწლოვნის შრომითი ექსპლუატაციის მუხლით.

არასრულწლოვნის მიმართ იძულებითი შრომის ფაქტები აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა, ძალოვანები 2 ბავშვის ყიდვა-გაყიდვის ფაქტს იძიებენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, აღნიშნული ორმაგად აძლიერებს სექსტრეფიკინგის რისკს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ და საზღვრისპირა რეგიონებზე. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით" - წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

ადამიანით ვაჭრობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორისაა. ომბუდსმენის აპარატი წყაროდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს იყენებს, სადაც საქართველო, ტრეფიკინგის მიმართულებით, 2016-17 წლებში, პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. 

აშშ-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო გოგონების და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე, მამაკაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა. 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები.

 

ამავე კატეგორიაში