საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - მსჯელობა ეუთო-ს საბჭოზე

13 აპრილი 2018, 00:00 2493 ნახვა

ეუთოში შეერთებული შტატების მისია ეუთოს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მსჯელობას გამოეხმაურა. ''ამერიკა მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აღნიშნული ზომები უზრუნველყოფენ მზარდ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, მობილურობისთვის და განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს. „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა, ამერიკამ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი დაგმო. დელეგაციამ აღნიშნული ფაქტის სრული და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა“.

ეუთო-ში შეერთებული შტატების მისიის განცხადებით, თითქმის ათი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობს ალტერნატიული რეალობა შექმნას და მეზობელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპირება მოახდინოს. რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და წარმოვაჩინოთ რუსეთის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობა. ამერიკა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად და უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება“, - აღნიშნულია განცხადებაში. გუშინ, ეუთოს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.

ამავე კატეგორიაში