სომხეთში ოპოზიცია სახალხო რევოლუციას აანონსებს

17 აპრილი 2018, 00:00 2369 ნახვა

ერევანში სახალხო პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს გენერალური პროკურატურისა და რამდენიმე სამინისტროს შენობები აქვთ ბლოკირებული. კერძოდ, პროკურატურის გარდა, დემონსტრანტები იმყოფებიან საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის, დიასპორის, ტრანსპორტის სამინისტროების შენობებთან.

ოპოზიციის ლიდერმა და მასობრივი აქციების ორგანიზატორმა ,,ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყების შესახებ განაცხადა. აქტივისტები დაშლაზე უარს ამბობენ. საფრანგეთის მოედანზე 3 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორი, პარტია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი თავის მომხრეებს მოუწოდებს, სახელმწიფო დაწესებულებების ყველა შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტონ. პოლიტიკოსი მხარდამჭერებს მოუწოდებს, ძალა არ გამოიყენონ და აქციამ მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნოს.

ფაშინიანი მომხრეებს საღამოს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მანამდე, პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე ათეული დემონსტრანტი მიიყვანეს. 30 -მდე აქტივისტის დაკავების შესახებ ცნობა ფაშინიანმაც დაადასტურა. დემონსტრანტებს დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები აქვთ დაბლოკილი. ხელისუფლებამ კი პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ბაგრამიანის გამზირზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, მათ შორის ჯავშანმანქანები. საფრანგეთის მოედანზე გავლებულია მავთულხლართები. 

ამავე კატეგორიაში