ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში მიიწვიეს - წავა თუ არა დასი ოკუპანტ ქვეყანაში?

18 აპრილი 2018, 00:00 3761 ნახვა

რუსეთიდან მიწვევა ბათუმის დრამატულმა თეატრმა 26 მარტს მიიღო. თეატრალურ ფესტივალი “თავისუფალი სივრცე” ქალაქ ორიოლში 1-7 ივნისს გაიმართება. ​მოწვევაში წერია, რომ საერთაშორისო ფესტივალზე ბათუმის დასი სპექტაკლით ''სინდრომი, ანუ ვის უგალობ ვისაო!?” მიიწვიეს.   

ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი აქვს და როგორც დოკუმენტში წერია, რუსული თეატრების გარდა მონაწილეობისთვის მიწვეული ჰყავთ დასები პოლონეთიდან, ბელარუსიდან, ხორვატიიდან და ბულგარეთიდან. 

ბათუმის დასის მიწვევის ინიციატორი ვალერი ლაგოშაა, რომელიც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრ "თავისუფალი სივრცის” დირექტორია.  წარმოდგენა მან პოლონეთსა და ბელორუსში ნახა.  როგორც ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე აცხადებს, სწორედ გამოხმაურებების შემდეგ გადაწყდა ბათუმელების რუსეთში მიწვევა. 

ფესტივალის და თეატრის საიტზე  ლაგოშას  სამსახიობო და თეატრალური მოღვაწეობს შესახებ აღნიშნულია, რომ ის რუსეთის სახალხო არტისტია, წოდება პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტით 2016 წლის 27 ოქტომბერს მიიღო. 

წავა თუ არა დასი ფესტივალზე? ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ აღნიშნული თეატრი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილია, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტიათ გასტროლის საკითხი. პასუხი ორგანიზატორებისთვის 6 აპრილს უნდა გაეგზავნათ, თუმცა ამ დრომდე დასი ვერ ჩამოყალიბდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, გადაცემა "ჰეშთეგთან" ფესტივალის ორგანიზატორი ვალერი ლაგოშა აცხადებს, რომ თანხმობა უკვე მიიღეს და ბათუმის დასი 6 ივნისს სპექტაკლს ითამაშებს. 

პრაღიდან სატელეფონო საუბარში ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ  ფესტივალში მონაწილეობაზე სავარაუდოდ უარს იტყვის.  უარის მიზეზად სირიაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა. “სირიის მოვლენები ამუქებს რუსეთის იმიჯს მსოფლიოში, შეიძლება დადგეს სიტუაცია, როცა იქ წასვლა ნორმალური ადამიანისთვის წარმოუდგენელი გახდეს” - გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა. 

მსახიობ ზაალ გოგუაძის თქმით, სპექტაკლი იმდენად მწვავეა, რომ ისურვებდა, რუსეთისადმი პროტესტი სწორედ იქ დააფიქსიროს და  საქართველოს დროშა ააფრიალოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. 

"ჩვენი მტერი რუსეთი ხომ არაა, ჩვენი მტერია სახელმწიფო სისტემა, რომელმაც  ჩვენი ოკუპაცია და ანექსია მოახდინა. რუსი ხალხი აქ რა შუაშია? ამასთან კავშირში არ არის, მოდი შევთანხმდეთ ამაზე. ეს სპექტაკლი არის ანტიიმპერიალისტური, სისტემის საწინააღმდეგო, ცენზურის და იმ ვითარების საწინააღმდეგო, რაც დღეს სამწუხაროდ  რუსეთში ხდება, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე წავიდოდი იქ, პროტესტის ნიშნად რუსეთის შუაგულში დავაფიქსირებდი ამ პროტესტს, ავაფრიალებდი ქართულ დროშას და ჩემი, როგორც ქართველის მხრიდან იქნებოდა სერიოზული პროტესტი" - ამბობს ზაალ გოგუაძე. 

თეატრმცოდნეები ლელა ოჩიაური ფიქრობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ქართული დასი რუსეთში გასტროლზე არ უნდა წავიდეს.

"ეს სპექტაკლი ნანახი მაქვს, ეს არის ძალიან საინტერესოა ჩემთვის, უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ანდროს ენუქიძისა და ყველა მსახიობს, მაგრამ ვფიქრობ არ უნდა წავიდნენ. რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, არაფერი შეიცვლება. კულტურა და ხელოვნება არის პოზიცია. თუ ჩვენს გაგვაჩნია პოზიცია დღეს რუსეთში ქართული თეატრის წასვლას არავითარი აზრი არ აქვს’’ - განაცხადა გადაცემაში ლალი ოჩიაურმა.

ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ კულტურული ურთიერთობების გაწყვეტა მომგებიანი არ იქნება.

‘’თუ ეს არის პუტინის მხარდასაჭერი აქცია ან სარეკლამო კლიპი, უზნეობაა ქართველმა მონაწილეობა მიიღოს, თუმცა ეს მისი ნებაა. მაგრამ  კულტურული ურთიერთობის გაწყვეტა არ ღირს, ეს  მომგებიანი არ იქნება. პირიქით შეიძლება კულტურის მოღვაწეებმა  ვიღაცეების ცნობიერებაში გარდატეხა შეიტანონ. ვფიქრობ ბათუმის დრამატული თეატრის დასი შეძლებს, მეტაფორულად თავისი სათქმელი რუს მაყურებლამდე მიიტანოს’’ - აღნიშნა ჩხარტიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: ორიოლის ადგილობრივი ხელისუფლება, რუსული თეატრების გაერთიანების ორიოლის განყოფილება, სახელმწიფო თეატრი “ თავისუფალი სივრცე” და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი.

უფრო ვრცლად ინფორმაცია:

ამავე კატეგორიაში