2017 წლის ანგარიშს ოპოზიციის ნაწილი არ მოისმენს - მერის მოწვევაზე ''ქართულმა ოცნებამ'' უარი განაცხადა

20 აპრილი 2018, 00:00 2174 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომა ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დატოვეს. ისინი 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენის დროს, სხდომაზე ქალაქ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის დასწრებას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ბიუჯეტი საარჩევნო წელს მორგებული იყო წინასაარჩევნო აქტივობებზე და პოლიტიკური შეფასებები და კითხვები აქვთ, რაზეც პოლიტიკური ფიგურის, ქალაქის მერის პასუხები იყო მნიშვნელოვანი.  

საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ უარი განაცხადა მერის მოწვევაზე იმ მოტივით, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა სამსახურის უფროსსაც შეუძლია. 

"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმევ, რომ არის მერის წარმომადგენელი ბატონო არჩილ ვანაძე, ამიტომ მისი პასუხები კითხვებზე იგივე ბათუმის მერიის პოზიციაა. თუ დაისვა პრობლემური საკითხები და აუცილებელი გახდება მერის ჩართულობა, დამატებით მოვიწვევთ საკრებულოს და შეგახვედრებთ მერს" - განაცხადა თებიძემ.  

ამ განცხადების შემდეგ მირდატ ქამადაძემ ითხოვა სიტყვა. "მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქალაქისთვის და მერი უნდა ესწრებოდეს და პასუხობდეს კითხვებს, რომელიც გაჩნდება ამ დარბაზში. გთავაზობთ, გადავდოთ ეს საკითხი ვიდრე ლაშა კომახიძე მოიცლის ჩვენთვის. კოლეგებმა მითხრეს აქ, რომ  ვალდებულება არ გააჩნია მერს მოვიდეს სხდომაზეო. აქ ვალდბულებაზე კი არ არის საუბარი, ვლაპარაკობ პასუხისმგებლობაზე, რომელიც გვაკისრია საზოგადოების წინაშე, ბათუმელების წინაშე. მთავარი დოკუმენტის განხილვის დროს უნდა მოვიდეს მერი, თუ ნახულობს პრორუსული ძალის, ლადო სადღებელაშვილთან შეხვედრის დრო, კეთილი უნდა ინებოს და მოიცალოს ჩვენთვისაც, ეს არის საკრებულოს უპატივცემულობა. ამიტომ, თ არ მოვა მერი ჩვენ არ დავესწრებით ამ სხდომას" - განაცხადა მირდატ ქამადაძემ და ფრაქციამ სხდომათა დარბაზი დატოვეს.  

ამავე კატეგორიაში