''მსოფლიო პლასტიკური ნარჩენების შესამცირებლად'' - STOP

20 აპრილი 2018, 00:00 2331 ნახვა

ორ დღეში, 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. მსოფლიოს 175 ქვეყანა ამ დღეს გარემოსდაცვით კამპანიას ატარებს, მაც შორის საქართველოც, რომელიც ამ დღეს, 28 წელია ოფიციალურად აღნიშნავს.  

''მსოფლიო პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად'' - ეს არის 2018 წლის გარემოსდაცვითი კამპანიის მთავარი გზავნილი. საქართველო, პლასტიკის ნარჩენების წინააღმდეგ დღევანდელი რეგულაციებით ვერაფერს ცვლის, რადგან ქვეყანაშ პოლიეთილენის პარკებისა და სხვა პლასტიკის პროდუქციის გამოყენებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით შეზღუდვა არ არსებობს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამბობს, რომ რეგულაციები არ გვაქვს, თუმცა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.  

„სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედებით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პლასტიკის პარკების მოხმარება და, შესაბამისად, ამ ტიპის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. სამინისტროს შეიმუშავა პროექტი „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი", რადგან, ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში გაზრდილია პლასტიკის პარკების მოხმარება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს.  ტექნიკური რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, რეალიზაციასთან და იმპორტთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

პლასტიკის გამოყენების რეგულაციების ამოქმედებამდე კი "დედამიწის დღეს" ქვეყანაში იმ ტერიტორიების დასუფთავებით აღნიშნავენ, რომელიც პლასტიკით და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის დანაგვიანებული. უკვე მესამედ, ამ დღეს, საქართველოს ყველა ქალაქი და დაბა დასუფთავების კონკურსში ჩაერთვება. 

„სუფთა რეგიონის'' ფარგლებში გამოვლინდება ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი, დაბა, სოფელი/თემი და ლამაზი ეზო. 

პარალელურად ქვეყანაში მეორე მასშტაბური აქცია დაიწყება. "გარემოს გულისთვის" - ასე ერქმევა აქტივობას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეარჩიონ თქვენს საცხოვრებელთან ან სამსახურთან ადგილი (გზის განაპირა უბანი, პარკი, სალაშქრო ბილიკი, ქუჩა) და მასზე სამი წლის განმავლობაში იზრუნოთ. ძირითადად, ასეთ პასუხისმგებლობას კომპანიები, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები იღებენ საკუთარ თავზე, თუმცა შესაძლოა დაინტერესებული ჯგუფებიც ჩაერთოთ. 

კამპანიას უკვე შემოუერთდა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი.

დედამიწის დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დაარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, შედეგადაც კი ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ.

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

ამავე კატეგორიაში