კლინიკა “მედცენტრში“ 53 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

21 აპრილი 2018, 00:00 4286 ნახვა

116-ე მუხლით დაიწყო გამოძიება 53 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბოლო 20 დღის განმავლობაში კლინიკა  ”მედცენტრში” პაციენტის დაღუპვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილის  ახლობლები  მედიკოსებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ. 53 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ღებინებით, ემერჯენსის განყოფილებაში, 19 აპრილს ღამით შეიყვანა. ოჯახის წევრები ინფორმაციით, გადასხმების შემდეგ   მისთვის ბრმა ნაწლავის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ის ოპერაციამდე გარდაიცვალა, დაღუპვის მიზეზად კი გულის გაჩერება დასახელდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, ექიმმა ბეჟან ხოზრევანიძემ პაციენტს არასწორად უმკურნალა, რის გამოც  მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ. ქალის გარდაცვალების მიზეზებზე  “მედცენტრში” არ საუბრობენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსის თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე საკითხზე სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდება. ექსპერტიზის დასკვნას ელოდება აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც. შეგახსენებთ,რომ ბეჟან ხოზრევანიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გარდაცვლილი თანამშრომლის მკურნალი ექიმიც იყო და თანამშრომლები და მეგობრები მას არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებდნენ. მაუწყებელმა საკითხის შესწავლის მოთხოვნით რეგულირების სააგენტოს მიმართა, თუმცა მოკვლევა ამ დრომდე არ დაწყებულა, ისინი სასამართლოს გადაწვეტილებას ელოდებიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში