მერიამ 140 ათასი პარკირების აპარატებში დახარჯა, რომლის შეკეთებას ვერ ახერხებს

27 აპრილი 2018, 00:00 2691 ნახვა

ბათუმის მერიამ 2013 წელს, 140 ათას ლარად, 17 აპარატი იყიდა. ძვირადღირებული აპარატები საშუალებას იძლეოდა, ქალაქის კონკრეტულ ადგილებში, მოქალაქეებს პარკირების ბილეთები შეეძინათ და დამატებით ადამიანური რესურსი არ დახარჯულიყო.  

თუმცა, რამდენიმე თვეში, ბიუჯეტიდან დახარჯული 140 ათასი ლარის პარკირების საბილეთო აპარატები მწყობრიდან გამოვიდა.

გაფუჭებული პარკომეტრები, ხუთის წლის შემდეგაც, იმავე  ადგილებზე დგას და მერიაში დღემდე არ იციან, რატომ დაზიანდა აპარატი, რომლის საცალო ღირებულება 8 ათას 207 ლარი იყო.  

პარკომეტრებს ქალაქში 17 ლოკაციაზე შეხვდებით. ე.წ. სანაპიროდან ბარბარეს ეკლესიამდე.

არცერთი  არ მუშაობს, აპარატების დიდი ნაწილი ვიზუალურადაც დაზიანებულია. ბათუმელებმა მწყობრიდან გამოსულ პარკომეტრზე წარწერები და ნახატებიც დატოვეს.

‘’ბათუმის ავტოტრანსპორტში’’  ამბობენ, რომ აპარატებს პროგრამული ხარვეზი აქვთ და მათი დემონტაჟი აუცილებელია.  ამ ეტაპზე პარკომეტრების აღწერა, დასურათება და შემოწმება მიმდინარეობს. 

 ‘’სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ გერმანული წარმოების აპარატები თურქეთში შეიძინა, რა პრობლემა აქვს, დღემდე ვერ დადგინდა. რთულია მისი შეკეთება და უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადება იგეგმება, აპარატები ახლით უნდა ჩანაცვლდეს. შესაძლებელია, 17 ლოკაციას სხვა უბნებიც დაემატოს’’ - ამბობს  ‘’ბათუმის ავტოტრანსპორტის’’   იურისტი მარად სანიკიძე.

ამ ეტაპზე, უწყებაში პარკირების პოლიტიკა მუშავდება, ამიტომ დაზუსტებით არ იციან როგორ აეწყობა სისტემა. დაახლოებით ორი თვის წინ, რეორგანიზაციის შემდეგ,  ბათუმის ავტოტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოები გაერთიანდნენ.

დღეს მუშა მდგომარეობაში მხოლოდ ერთი პარკომეტრია. ის ახალია და რამდენიმე კვირის წინ, თბილისის მოედანზე დადგეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფასიანი ავტოსადგომი გაიხსნა. შესვლა  ერთი ლარი და ყოველი შემდეგ საათი, დამატებით  ლარი ღირს.

ჩამოსაწერად გამზადებული 17 პარკომენტრი უფრო იაფი ღირდა. ბათუმელებს  და ქალაქის სტუმრებს ერთი საათით პარკინგი 50 თეთრად შეეძლოთ,  აპარატი სამ ენაზე იყო დაპროგრამებული და ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ასრულებდა მოთხოვნას.    

 

ამავე კატეგორიაში