ბათუმში, აბაშიძის გამზირი პროტესტის ნიშნად გადაიკეტა

30 აპრილი 2018, 00:00 3054 ნახვა

ბათუმის ცენტრალური ქუჩა რამდენიმე წუთით იპოთეკარებმა გადაკეტეს. საბანკო ვალდებულებების მქონე პირებმა აქცია ერას მოედანზე დღეს გამართეს, ისინი ქვეყანაში არსებულ საბანკო პოლიტიკას აკრიტიკებენ.

იპოთეკარები ითხოვენ, საქართველოს პარლამენტში დაჩქარდეს ინიცირებული კანონპროექტის მიღება, რომელიც გულისხმობს სამწლიანი მორატორიუმის გამოცხადებას ბანკებსა და იპოთეკარებს შორის (გამოსახლების შეჩერებას), ამ დროში კი მისაღებ ფასად ბინების გამოსყიდვის უფლების მიღებას. 

აქციამ მოგვიანებით მსვლელობის სახე მიიღო და ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე, იპოთეკარებმა გზა გადაკეტეს.

ნუკრი დიასამიძე ამბობს, რომ "იპოთეკით დაზარალებულები არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ ქვეყანაში არიან და მათ ყოველდღიურად  მევახშეების გამო, საცხოვრებელი სახლების დათმობა უწევთ. ამიტომ,აუცილებელია კანონპროექტი მიიღოს პარლამენტმა და ჩვენ მოგვეცეს რეალურ ფასში სახლების გამოსყიდვის დრო". 

აქციის მონაწილეებმა მორიგი საპროტესტო მსვლელობა 2 მაისს აჭარის პროკურატურასთან დააანონსეს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში