''ვერასდროს გაიგებთ იმას, რად მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი'' - ლგბტ აქტივისტის მიმართვა პარლამენტარებს

01 მაისი 2018, 00:00 2272 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე  „თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტმა, თაზო სოზაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

„მე დღეს ვერ ჩავდივარ, ჩემი მშობლების, ჩემი დედის, ჩემი ბებიის სანახავად, აი მაგით განვსხვავდებით მე და თქვენ. 12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო. დღეს კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა. იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია. ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის. თქვენ ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ გაიგებთ ამას, ვერასდროს გაიგებთ იმას, რად მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება ამის გამო და ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე. მეზიზღებით “- თქვა სოზაშვილმა

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრები პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად ბანერები გაშალეს.

ორგანიზაციის პროტესტი კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს არ აღნიშნავდა. 

სანამ “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა, დილით, პარლამენტის შესასვლელთან კილაძის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

წყარო - http://liberali.ge/

ამავე კატეგორიაში