ორმა მოქალაქემ კაფეში მოწევა არ შეწყვიტა, რის გამოც პოლიციამ დააკავა...

04 მაისი 2018, 00:00 2917 ნახვა

თამბაქოს აკრძალულ ტერიტორიაზე მოწევის გამო, პოლიცამ ერთი მოქალაქე დააჯარიმა, ორი კი დააკავა. 

პოლიციამ მწეველების დაპატიმრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილდნენ და მოწევა აკრძალულ ტერიტორიაზე არ შეწყვიტეს. 

შემთხვევა გუშინ, ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში მოხდა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ადგილზე მისულმა შსს-ს თანამშრომლებმა მათ მოუწოდეს შეეწყვიტათ მოწევა, ერთ-ერთი მათგანი დაემორჩილა ორი კი - არა.

ორივე მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, კაფის მეპატრონეს არ ჰქონდა თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები განთავსებული შენობაში, შესაბამისად, ისიც დააჯარიმეს.

პირველი მაისიდან საქართველოში, თითქმის, ყველა დაწესებულებაში მოწევა იკრძალება. შეზღუდვა ეხება რესტორნებს, ბარებს, კაფეებსა და კლუბებს.

ამავე კატეგორიაში