ძალოსნების დაჯილდოება

07 მაისი 2018, 00:00 1817 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა. ძალოსნობის ფედერაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდოები სპორტის ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენს ლაშა ტალახაძეს და ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ესპანელ ლიდია ვალენტინს, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს აღიარება მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ჩატარებისთვის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ რეკორდული რაოდენობის - 9 804 ხმა მიიღო, რაც ყველასთვის საამაყოა. პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს ძალოსნობის ფედერაცის პრეზიდენტს. 

პრემიერ-მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სახელოვან სპორტსმენებს, როლებმაც ქვეყანას არაერთი დიდი სიხარული აჩუქეს. 

“მინდა, დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო თითოეული თქვენგანის ღვაწლის წინაშე და მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი სიამაყე, არაერთი მომავალი თაობის შთაგონების წყარო და მომავალშიც იქნებით”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს. 

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტომაშ აიანი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამავე კატეგორიაში