ესტაკადის მშენებლობის პირველი ეტაპი სეზონის დაწყებამდე დასრულდება და გზა გაიხსნება

08 მაისი 2018, 00:00 2756 ნახვა

"ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას და გზის გახნას  ტურისტული სეზონის დაწყებამდე გეგმავს" - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელიც ქალაქის შუაგულში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესტაკადის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. 

 კომპანია  "კავკასუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ "ხიდის მშენებლობა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია. პარალელურად, მიმდინარეობს ხიდის მალების, ე.წ. კოჭების ბურჯებზე დალაგების და მიერთების პროცესი, ასევე ფრანგული კედლის ფილების მონტაჟი".

ესტაკადის მშენებლობის გამო, ქალაქიდან გასასვლელი გზის ერთი მონაკვეთი გადაკეტილია და მძღოლებს შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა. ცენტრალურ მაგისტრალზე შეზღუდვები თებერვლიდან დაწესდა.  

პროექტი  ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის  5 დამხმარე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე - 800 მეტრი იქნება. ესტაკადის მშენებლობა  15 297 410 ლარი ჯდება. 

ამავე კატეგორიაში