ბათუმის პორტში ირწმუნებიან, რომ გრანულირებული გოგირდი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის

08 მაისი 2018, 00:00 3861 ნახვა

ბათუმის პორტის ეკოლოგიის განყოფილების უფროსი ზაზა ვარშალომიძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან პორტში ქიმიური ნივთიერების დასაწყობების შესახებ განმარტებას აკეთებს.

მისი განცხადებით, პორტი საქართველოსა და აჭარის გარემოს დაცვის უწყებების წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მუშაობს. ნივთიერება, რომლის დასაწყობება ამჟამად ხდება, გრანულირებული გოგირდია და მისი მტკიცებით, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

"​ჩვენ სტანდარტების დაცვით, აემდიჯი კოდის მიხედვით ვმუშაობთ" - აცხადებს ეკოლოგიის განყოფილების უფროსი, რომელმაც ჟურნალისტებს დოკუმენტი წარმოუდგინა, რომელზეც ხელს აწერენ სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებელი პირები. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ფაქტზე რამდენიმე შეტყობინება შევიდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტიდანაც. დაიწყო მოკვლევა, დაცულია თუ არა ნებართვით გათვალისწინებული პირობები და სრულდება თუ არა დადგენილი ნორმები.

დღეს, 8 მაისს, დილიდან, ბათუმის ქუჩებში პლაკატები  გამოჩნდა წარწერით - ''ბათუმზე ქიმიური შეტევა ხორციელდება''. 

პლაკატებს, რომელთა გაკვრის ინიციატორი, ჯერჯერობით, დაუდგენელია, ახლავს ტექსტი იმის შესახებ, რომ პორტში ნივთიერებების გადამუშავებისას წარმოიქმნება მტვერი და მისი ჰაერში გაბნევა აზიანებს ადამიანის ორგანიზმს და ეკოსისტემისთვის მავნე შედეგებს იწვევს.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში